понедельник, 26 ноября 2018 г.

ღვთისმშობლის თვალი

...ხომ განსაკუთრებით უყვარს ყველას მზე - მარიამი, მფარველი და მწყალობელი ჩვენი... ბავშვობაში ასე შემირქმევია ღვთისმშობლისათვის თავს ირგვლივ შემომდგარი შარავანდედის დანახვისას. მუდამ ხალხმრავლობა იყო მისი ხატის წინ, მაგრამ სხვა დროს არცერთხელ არ მენახა ამდენი მლოცველი ერთად. ალბათ წინ ვერაფერი დაუდგება ამ ლოცვას, გზას გამარჯვებით გაუნათებს ჩვენს ლაშქარს. დიდ იმედებს ამყარებს ამ ბრძოლაზე ჩვენი ბედკრული ქვეყანა. ამ ბრძოლამ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი.
თვით დიდიმოძღვარიც მობრძანდა. თვალს ვერ ვუსწორებდი ისე უელავდა ოლარი და სკიპტრა. მოწიწებით მიეახლა ღვთისმშობლის ხატს, მუხლი მოიყარა, ხელნი აღაპყრო და შეჰღაღადა, დაიფარეო შენი წილხვედრი ქვეყანა.. მერე დიდხანს იდგა მის წინაშე, დაბლა თავმოდრეკილი, უხმოდ მლოცველი.
დიდ განსაცდელშია ჩვენი ბედკრული ქვეყანა და განსაცდელში ხარ შენც, ჩემო სიყვარულო.
-და ნუ მკითხავ რომელი განსაცდელი უფრო მაშინებს, რომლის დარდი უფრო მძიმეა ჩემთვის, შენი თუ სამშობლოსი, ვერ გიპასუხებ. ინებოს მზე-მარიამმა, გამარჯვებული დაგვიბრუნდეს საომრად წასული სპა, მაგრამ შენ თუ აღარ იქნები მათში, აღარც გამარჯვების სიხარული იქნება ჩემთვის, თვით მზეც ჩაქრება, თუ ერთი სხივი მოაკლდება შენი სახით.
ერთი აზრი თუ ხილვა გამომყვა ტაძრიდან გამოსულს: შესაწირავი უახვად გაიღეს იმ დღეს მლოცველებმა, მაგრამ მათ შორის არსად ჩანდა იშვიათად სახილველი ყვავილი ერთი, ღვთისმშობლის თვალს რომ უხმობენ სახელად.
...ალბათ გემახსოვრება რამდენი ვეძებეთ ის ყვავილი ორივემ ერთად. უცნაურია, ისეთი გამჭვირვალე ფოთლები აქვს, ცის ნატეხი გეგონება და მხოლოდ ჭაობზე თუ გაიშლება, ნახევრად ბნელში.
მარტო არ ვყოფილვარ მაშინ, შენ მყავდი გვერდით. პირბასრი მახვილიც წელზე გერტყა, მაგრამ მე მაინც მეშინოდა... უფრო სწორად, თავი მეჭირა ისე, ვითომ ძალიან მეშინოდა. აბა, შენს გვერდით რა იყო მაშინ საშიში, მაგრამ ბავშვივით ვცელქობდი მაშინ. შენც იცინოდი ჩემს შიშზე, მართლაც ბავშვივით მიფრთხილდებოდი.
მრავლად დავკრიფეთ იმ დღეს ის იშვიათად სახილველი, უცხო ყვავილი. ღვთისმშობლის საყვარელი ყვავილებია, ასე ამბობენ ჩვენში...
სულ ახლოს გაისრიალა ჭრელმა გველმა, მოვას2წარ თავის არიდება. ფესვებიც, ხელის ჩაჭიდება რომ დავუპირე, თითქოს გაცოცხლდნენ, ფეხქვეშ ჭაობის ჭენჭყო იზნიქებოდა, მაგრამ შიშს სრულებით ვერ ვგრძნობ... ახლა ბევრად ნაკლებად მეშინია, ვიდრე მაშინ, როცა ერთად ვკრეფდით ამ უცხო ყვავილებს. არც ტკივილს ვგრძნობ, ისარივით წამახულმა ეკალმა გამიკაწრა ხელი. ვინ იცის, ახლა უკვე ებრძვი მომხვდურს და მისმა მახვილმა მოსინჯა შენი სხეული... შევთხოვ მზე-მარიამს, ამ ეკლის განაკაწრზე მეტი ნუ იქნება შენი ჭრილობა.
უკვე გვიანი საღამო იყო, როცა ისევ ტაძრად მივბრუნდი ახლადდაკრეფილი ყვავილებით ხელში. ცოტანიღა დარჩენილიყვნენ მლოცველები, ღვთის მსახურთაგანაც აღარავინ ჭაჭანებდა. არავის შეუმჩნევია ჩემი ძვირფასი ძღვენი, არც მჭირდებოდა. ღვთისმშობლის ხატის წინ ფრთხილად დავაწყვე ცის ნატეხებივით გამჭვირვალე, ფერნათელი ყვავილები. მერე როგორც იქნა, ამეხსნა ენა, შენი თავი და ჩვენი ბედკრული ქვეყანა შევავედრე მზე-მარიამს.
ამ ლოცვის შემდეგ ვეღარ დავტოვე ღვთისმშობლის ტაძარი, ჩემო სიყვარულო, კარგად ვიცი, ვერ მოისვენებს ჩემი სული და სხეული. კუთხეში ჩუმად მივიმალე, კანდელაბრის უკან, ჩემი მიტანილი ყვავილები ისე ცოცხლად ღაღანებენ, თითქოს ეს წუთია დაკრიფესო...
ტაძარში აღარავინაა, უკანასკნელმა მლოცველმაც კარგახანია დასტოვა აქაურობა. მალე ალბათ ირიჟრაჟებს კიდეც და ვინ იცის, ვისთვის რა ფერად შეიღებება ის რიჟრაჟი... ამაზე ფიქრში რული არ ეკარება ჩემს თვალებს... შენ აბჯარი გმოსავს ჩემო სიყვარულო, მკერდი ჯაჭვით გაქვს დაფარული. მე თხელი გულისპირი მიფარავს ყელ-კისერს, იმასაც მოვიშიშვლებ და ასე შევთხოვ მზე-მარიამს, შენ აგარიდოს მტრის მახვილი და ჩემსკენ მომართოს იგი, თუ გარდაუვალია ერთ-ერთი ჩვენთაგანის სიკვდილი.
მერე კი, როცა სამადლობელ სიტყვას იტყვი სპასთან ერთად ბედნიერად მობრუნებული, ღვთისმშობლის ხატის წინ ნახავ ცის ნატეხებივით გამჭვირვალე, ფერნათელ ყვავილებს, ღვთისმშობლის თვალს რომ უხმობენ სახელად. მაშინ მიხვდები, სიყვარულო, ვისმა ლოცვამ გადაგარჩინა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ღვთისმშობლის თვალი

.. .ხომ განსაკუთრებით უყვარს ყველას მზე - მარიამი, მფარველი და მწყალობელი ჩვენი... ბავშვობაში ასე შემირქმევია ღვთისმშობლისათვის თავს ირგვ...