суббота, 4 ноября 2017 г.

რა გიპასუხო?

რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს.
განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს.
ამ ნაგებობებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ.
ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს.
განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს
და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს.
სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ.
საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.

ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს _
ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით
უსარგებლოებს _ ხელნაწერებს, რითიც სავსეა
ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების.
ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს.
ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით.
ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს.
ვერც ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.

ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ. და ჩვენს გარშემო
როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო.
რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ,
უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ,
მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი
გვის და ამტვერებს; და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ.
და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი
ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ღვთისმშობლის თვალი

.. .ხომ განსაკუთრებით უყვარს ყველას მზე - მარიამი, მფარველი და მწყალობელი ჩვენი... ბავშვობაში ასე შემირქმევია ღვთისმშობლისათვის თავს ირგვ...